სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ვეტერანები მივიდნენ, რომლებმაც ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ვეტერან მალხაზ თოფურიას განცხადებით, ტატუნაშვილის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და ოკუპაციის ერთ-ერთი ბოროტი გამოვლინებაა.
“უმძიმესი ტრაგედიის მოწმე ვართ. აქ არ არის ლაპარაკი უბრალოდ მკვლელობაზე, ეს არის ალბათ, ოკუპაციის, აგრესიის ერთ-ერთი უკიდურესად ბოროტი გამოვლინება, რომელიც ალბათ, თვითონ რუსულ საინფორმაციო საშუალებებშიც კი სირცხვილია და ვერ შუქდება, ისეთ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, ამ ოჯახს ერთადერთი სიძლიერე უნდა ვუსურვოთ. ეს ადამიანი ტყუილად არ დაღუპულა, პასუხი გაეცემა ასეთ ბოროტებას,” – განაცხადა თოფურიამ.
ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა ასევე ვეტერანმა გია ნაყეურმა.
“ვეტერანები ქედს ვიხრით ამ ვაჟკაცის წინაშე. ჩვენ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით, ძალიან გვიმძიმს. ვუსურვებთ ოჯახს და ყველას, რომ ეს ტრაგედია გადაიტანონ“,- განაცხადა ნაყეურმა.