არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაგვიანებით გადმოცემის გამო, პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ პროტესტის ნიშნად, თუნდაც რამდენიმე საათით ყაზბეგის გამშვები პუნქტი დაკეტოს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ანდრიაძის თქმით, სახელმწიფოს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეაქცია, როდესაც ქვეყანას ასე ცინიკურად ექცევიან.
მისივე განცხადებით, ომსაც თავისი კანონები აქვს. ის, რომ ქართულ მხარეს ცხედარი ამდენი ხნის განმავლობაში არ გადმოსცეს, პიროვნებისა და ქვეყნის შეურაცხყოფაა.
„დღეს, როდესაც საქართველოს დაუბრუნეს თავისი მოქალაქე, გმირი, ნაწამები, რაღაც ტიპის პროტესტია საჭირო, ოღონდ არა ისეთი, რომ გარბიან და ე.წ. საზღვართან, მავთულხლართებთან აწყობენ საპროტესტო აქციებს, ან კიდევ პარლამენტში დეკლარაციის მიღება. ცოტა ისეთი, რომ ამას ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, თუნდაც მწვავე.
მაგალითად, ერთი დღით თუ არა, რამდენიმე საათით მაინც პროტესტის ნიშნად დაიკეტოს ყაზბეგის გამშვები პუნქტი, რომელიც საერთოდ, რატომ გააღო სააკაშვილმა, ცალკე საკითხია. ქვეყანამ უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთ დანაშაულზე. გასაგებია, რომ რუსეთს ამერიკაც უფრთხის და ევროპა მის გაზს ყიდულობს, რითაც ამ ქვეყნის რეჟიმს ამდიდრებს, მაგრამ გარკვეული პროტესტი უნდა გამოხატო, თუ ხარ ქვეყანა და გაქვს ღირსების გრძნობა“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.