“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საქმე ეხება ხაბეიშვილის საჩივარს, რომელიც მიიჩნევს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სახაალწლო განათებების შეძენის მიზნით მილანურ კომპანიასთან 3 მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმება სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაა.
როგორც ხაბეიშვილმა “მეტრონომს” უთხრა, აღნიშნულ საკითხე გამოკითხული არიან ასევე “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები. მათ შორის, მაღალჩინოსნები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ხელშეკრულების გაფორმება.
“შსს-მ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რაც სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ ამ საქმეს მიენიჭება სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. სამინისტრო დაინტერესდა იმ ფაქტებით, რაც პროკურატურაში თანდართულ დოკუმენტაციად გვქონდა, როცა საქმე შევიტანეთ. ეს იყო გამოკითხვა, სანამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყება და იმედი გვაქვს, რომ დაიწყება.
ჩემი ინფორმაციით, რაც გამომძიებლებმა მითხრეს, გამოკითხულები არიან “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, მათ შორის ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც უშუალოდ ეხებოდათ ამ ხელშეკრულების გაფორმება. გამომძიებლისგან რაც დავინახე, არი მზაობა, რომ გამოძიება დაიწყოს, მაგრამ რომ გითხრათ, მაქვს გამოძიების იმედი და ერთ მოურავს ბიძინა ივანიშვილი მეორე მოურავის ხელით გაუსწორდება-მეთქი, მართალი არ ვიქნები, თუმცა ის, რომ საქმის წარმოების დაწყება უწევთ, ეს უკვე კარგია”- განუცხადა “მეტრონომს” ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა პროკურატურას 2017 წლის დეკემბერში საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.