ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დოლიძე: მოსამართლეთა უვადო გამწესება შეიძლება შეჩერდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანი დოლიძემ  ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს.

ეს მოსაზრება დოლიძემ  დღეს, სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაზე გამოთქვა.  მისი განცხადებით, მისასალმებელია, რომ  საქართველოს პარლამენტის მხრიდან გამოხატულია აქტიური რეფორმების სურვილი სასამართლო ხელისუფლებაში.

“ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღეს აქ გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება.

ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში და რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავაც დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება”,- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, შესაბამისი მზაობა გამოითქვა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან.

ამჟამად, საქრთველოში სულ 121 უვადო მოსამართლეა.

იტვირთბა....