ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით ერაძე: უცნობი პირი ზურგიდან მომეპარა და დამარტყა

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი დავით ერაძე იხსენებს, როგორ გაუსწორდა მას ფიზიკურად უცნობი პიროვნება. მასთან ერთად იმყოფებოდა ჟურნალისტი თეა ადეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ერთ-ერთმა პირმა ერაძეს სახეში მუშტი ჩაარტყა.

“ლადო სადღობელაშვილი თითქმის შევიდა ტელეკომპანიის ეზოში, როცა ჩვენ ვყვიროდით – “დააკავეთ, დააკავეთ”. პატრულმა ხელი შეუშალა მას ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლაში. ამ დროს, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მერე გავარკვიეთ, რომ დავით ერაძეს სიგარეტის ნამწვი ესროლეს თვალში. ის მოტრიალდა და ჩემთან ორი ადამიანი იდგა, რომელიც მე ნათლად დავინახე, ერთ-ერთმა მუჭი დაარტყა დათოს სახეში. ასე, რომ აგრესია დათოს მხრიდან არანაირად არ ყოფილა. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოვრბოდით “რუსთავი 2″-ის შენობისკენ.” – განაცხადა თეა ადეიშვილმა.

დავით ერაძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას დაზიანებები აღენიშნება.

“ამის შემდეგ ვიყავი სახალხო დამცველთან. საკმაოდ იმფორმირებული იყო აპარატი ინციდენტის შესახებ, მათი მთავარი მოკვლევის საგანი არის ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ფაქტია, რომ მოხდა ჩემი და სადღობელაშვილის შეჯახება, სიტყვიერი ასე ვთქვათ, ხმამაღალი საუბარი საბოლო ჯამში, რაღაც პერიოდის შემდეგ მოგვარებადი იყო, არ მოხდებოდა გართულება, მაგრამ ვიღაცამ ჩათვალა საჭიროდ, რომ მისთვის ესეთი დახმარება უნდა აღმოეჩინა, მომეპარა უკნიდან და დამარტყა”- აღნიშნა ჟურნალისტმა დავით ერაძემ.

ე.წ. “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება გამოიწვია გუშინ, გადაცემა P.S-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც იესო ქრისტეს შეეხებოდა:

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

 

 

იტვირთბა....