პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო “რუსთავი 2”-ს ქრისტიანული მრევლისთვის ბოდიში მოეხადა და ეს მიზანი შესრულდა. ძალიან კარგია, რომ ადამიანები თავიანთ შეცდომას ხვდებიან და ჩვენ უფლება არ გვაქვს არ მივუტევოთ, – განუცხადა “მეტრონომს” “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.
მისი განცხადებით, “მარშის” ბრძოლის მეთოდები ყოველთვის მშვიდობიანი იქნება.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო “რუსთავი 2”-ს ქრისტიანული მრევლისთვის ბოდიში მოეხადა და ეს მიზანი შესრულდა. ძალიან კარგია, რომ ადამიანები თავიანთ შეცდომას ხვდებიან და ჩვენ უფლება არ გვაქვს არ მივუტევოთ და დანარჩენი უფალმა განსაჯოს მათი ქმედებები. რაც შეეხება ჩვენს მოქმედებებს, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა იმ ადამიანის დასასჯელად ვინც პროვოკაცია მოაწყო.
პირველ რიგში, ეს არის ე.წ. სპორტული ზონდერ-ჟურნალისტი ვინმე დავით ერაძე, რომელმაც ხელი დაარტყა ინვალიდ ადამიანს, მიხეილ ამისულაშვილს. ამან წარმოშვა ყველანაირი კონფლიქტი. უნდა გაირკვეს რა მიზნით იმყოფებოდნენ იქ ბასიშვილის ზონდერ დაჯგუფების წევრები. უფრო სწორად ისინი შემდეგ მოვიდნენ და მშვიდობიან ადამიანებს თავს დაესხნენ. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით და ვინ აგებს პასუხს, ამას საზოგადოება დაინახავს. რაც შეეხება “ქართული მარშის” სამომავლო გეგმებს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მისი მეთოდები ყოველთვის მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ვინმე ოდესმე ჩვენზე თავდასხმას მოინდომებს, ის ადეკვატურ პასუხს მიიღებს”, – განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა მარშმა” აქცია გამართა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქრისტე შეცდომით მოევლინა ქვეყანას 2 000 წლის წინ და 3-4 წლის მერე აჭარაში უნდა დაბადებულიყო, რადგან რეგიონში ჯვრის დასამზადებელი ხე აღარ იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ დავით ერაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.