დავით ერაძე ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება. ექსპერტიზის დასკვნით მიყენებული დაზიანებების სიმძიმე და ხანდაზმულობა უნდა დადგინდეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.
გუშინ ე.წ. ქართული მარშის წევრების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„როგორც მე განმიმარტეს, ექსპერტიზა ტარდება იმისთვის, რომ დაზიანების სიმძიმე და ხანდაზმულობა დადგინდეს, რის შემდეგაც ეს ყველაფერი საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება, იმ უწყებას, რომელიც მოკვლევას აწარმოებს. რამდენადაც ვიცი, 6 პიროვნებაა დაკავებული, თუმცა მათ შორის არის თუ არა ის პიროვნება, არ ვიცი, მე მათაც ვუთხარი, რომ უბრალოდ ამოცნობასაც ვერ შევძლებ, იქიდან გამომდინარე, რომ ის მომეპარა, როდესაც მე სადღობელაშვილს ვესაუბრებოდი ცოტა მაღალ ტონებში და გვერდიდან ისე, რომ მისკენ არც ვიყავი მოტრიალებული, დამარტყა, მაგ დროს ჩავიკეცე, როცა ავიწიე, არავინ აღარ იდგა ჩემ გვერდზე“,- განაცხადა დავით ერაძემ.
დავით ერაძის და სამაუწყებლო კომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის გამოკითხვა ვაკის პოლიციაში გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა თამთა მურადაშვილის ავტომობილსაც, სადაც „რუსთავი 2-ის“ იურისტი თავდასხმის დროს, გიორგი გაბუნიასთან ერთად იმყოფებოდა.
“დანაშაულის ნიშნები იყო ის, რაც გუშინ მოხდა. რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მოთხოვნა არის, რომ პოლიციამ გამოიძიოს დაუყოვნებლივ და ობიექტურად“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.