ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი: “გაბუნიას მკრეხელობა იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული მარშის” მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიაში დაინახეს, რომ “იმედი” რეიტინგებით დაწინაურდა და ყურადღების მიქცევა ცადეს.

“მე ჟურნალისტის მკრეხელობას უარყოფითად ვაფასებ, რომელიც ბუნებრივია, საზოგადოებაში დამოკიდებულებების დაძაბვას გამოიწვევდა. თამამად შეიძლება მას ვუწოდოთ, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია საზოგადოების მშვიდობის წინააღმდეგ. ასეთი პროვოკაციები ხშირად ევროპულ საზოგადოებასაც სერიოზულად აჯანჯღარებს. დაგეგმილმა პროვოკაციამ ლოგიკურად გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. შესაბამისად, სწორედ ეს იყო ჟურნალისტის მიზანი, რომ დაგეგმილი პროვოკაციით წამყვანსა და “რუსთავი 2”-ში მომუშავე ზოგიერთ ჟურნალისტს ყურადღება მიეპყროთ.

მათ დაინახეს, რომ ტელეკომპანია “იმედი” ბოლო პერიოდში რეიტინგითა და პოპულარობით დაწინაურდა და საჭირო იყო რაიმე სკანდალური, რომ ისევ მომხდარიყვნენ ქართული და უცხოური მედიის ობიექტივის ქვეშ. ვგმობ დანაშაულებრივ პროვოკაციას და მასზე წამოგებული ადამიანების საქციელს. თუმცა, პროვოკაცია უფრო მძიმე იყო, ვიდრე მასზე რეაქცია”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა მარშმა” აქცია გამართა ტელეკომპანიასთან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ქრისტე შეცდომით მოევლინა ქვეყანას 2 000 წლის წინ და 3-4 წლის მერე აჭარაში უნდა დაბადებულიყო, რადგან რეგიონში ჯვრის დასამზადებელი ხე აღარ იქნებოდა.

იტვირთბა....