საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი “ქართული მარშის” მიერ “რუსთავი 2”-თან გამართულ აქციას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ორი რადიკალური ჯგუფია და ისინი ერთმანეთს კვებავენ.
„ესენი არიან ორი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთი არის აი ამ მიმართულების რადიკალები, რაც “ქართული მარში” არის და მეორე არის იმ მიმართულების რადიკალები, რაც აი ის ჯგუფი წარმოადგენს-გვარამია, გაბუნია და მასთან ასოცირებული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფები. ეს არის ერთი ჯგუფის ორი ბოლო. ორი რადიკალური ფრთა, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთმანეთის გარეშე ამ ადამიანებს არ შეუძლიათ და ჩვენ ვტოვებთ ამ ადამიანებს ისეთ ფარგლებში, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული და ერთმანეთში არკვიონ საქმე,“-განაცხადა “კურიერთან” ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა მარშმა” აქცია გამართა ტელეკომპანიასთან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ქრისტე შეცდომით მოევლინა ქვეყანას 2 000 წლის წინ და 3-4 წლის მერე აჭარაში უნდა დაბადებულიყო, რადგან რეგიონში ჯვრის დასამზადებელი ხე აღარ იქნებოდა.