ზვიად დევდარიანის მეუღლე თეონა შალამბერიძე “FACEBOOK”-ში სტატუსს წერს, სადაც მისი ქმრის გარშემო არსებულ სიტუაციას ეხმაურება და წერს, რომ ზვიადის მიმართ გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია.
“ორი დღის წინ …. ცხოვრობ პატარა ბედნიერ ოჯახში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად, შესაძლოა გაქვს იგივე პატარა თუ დიდი პრობლემები რაც ოჯახების უმრავლესობას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტული ოჯახით. და არ გგონია, რომ ერთ დღესაც შეიძლება ეს ყველაფერი ვინმემ დაგინგრიოს ასე დაუნდობლად, სასტიკი მეთოდებით და გაწიროს უდანაშაულოდ ადამიანი და ადამიანები…
ორი დღეა ვისმენ აბსურდულ, ალოგიკურ და უსაფუძვლო ბრალდებებს ზვიადის მიმართ წლების წინ “მომხდარდარ” ამბებზე დღეს, ვცდილობ დავაიგნორო ადამიანები, რომლებიც ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობენ და ვცდილობ ავარიდო ჩემი შვილები ამ დაძაბულ სიტუაციას….
როდესაც პრეტენზია გაქვს სერიოზულ განცხადების გაკეთებაზე რაიმე შედეგის სანაცვლოდ, მინიმუმ მომზადებული უნდა შეხვდე, მეტი დამაჯერებლობისთვის შეთხზა ყველა საინფორმაციო წყაროსთვის ერთგვაროვანი ტექსტი, დადო ფაქტები და გამოაშკარავო „მსხვერპლი“.
ზვიადის გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო სახალხო დამცველზე დარტყმის ასარიდებლად. თან ვფიქრობ: თქვენი მიზანია “მოძალადის” “მხილება“, თქვენ გინდათ, რომ ქალების შევიწროვებას აღარ ჰქონოდეს ადგილი, თქვენ გინდათ, რომ ქალთა უფლებები “დაიცვათ”… და ამ დროს რას აკეთებთ? ძალადობით იჭრებით სხვის ცხოვრებაში, ცდილობთ გაანადგუროთ ჩემი ქმარი, დამიზაფროთ ოჯახის წევრები და დამინგრიოთ ოჯახი! მადლობა „ქალთა“ მოძრაობას! ზვიადი თავის სიმართლებს ცივილური და სამართლებრივი გზებით დაამტკიცებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის დასაცავად!”
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ანონიმი რესპონდენტი ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.