სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.
საკითხზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მხარეები ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი მკაცრი და შედეგზე ორიენტირებულია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციასთან მიმართებით ერთიანი მიდგომაა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის შემდეგ, 21 მარტს დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.
დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დოკუმენტს, პარტიის წევრების თქმით, ამას რეზოლუციის სრული ტექსტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ.
5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუციათ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი