გუდაურში მწყობრიდან გამოსული საბაგიროს გამო ხალხი 12 მეტრის სიმაღლიდან ხტებოდა. ამის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი ტურისტი ამბობს.
კიდევ ერთი ტურისტის გაცხადებით, საბაგირომ უკან დაიწყო ბრუნვა, რის შედეგადაც ხალხი დაშავდა და პანიკამ მოიცვა.
„ჩვენ ხარკოვიდან ვართ ჩამოსული დასასვენებლად. ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა. ისინი 12 მეტრის სიმაღლიდან ხტებოდნენ და ფეხებს იმტვრევდნენ. ერთმა მათგანმა წელი დაიზიანა. მაშველებთან ერთად ხალხს მეც ვეხმარებოდი. “ – აღნიშნა მან.
„ჩვენ სამნი ვიყავით, საბაგირო გზა გაჩერდა, უკან დაიწყო ბრუნვა. ძალიან შეგვეშინდა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვხტით, მაგრამ ერთმა ვერ მოასწრო. მე არ ვიცი მას რა დაემართა.“ – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
„პანიკა იყო, რა ხდებოდა, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დაახლოებთ 15 წუთში სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდა. საშინელება იყო, მინდა ინფორმაცია მივიღო, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. დამნაშავეები დაისაჯონ.“ – ამბობენ ტურისტები.
გუდაურში დღეს დილით საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 პიროვნება დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.