გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ჯამში 11 პირი დაზარალდა. მათი ნაწილი თბილისშია გადაყვანილი.
“ჯამში 11 პიროვნება დაზარალდა. ამ ეტაპზე ჯამში, 7 ადამიანია გადაყვანილი თბილისში, 1 ადამიანი ვერტმფრენით გადააფრინეს, ხოლო დანარჩენები რეანომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ორსულად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ნაყოფს, ამას დიაგნოსტიკა დაადგენს და ამის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
გუდაურში დღეს დილით მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.