ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სითი პარკი“: კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ აგრესია გამძაფრდა

კომპანია „სითი პარკი“-ს განცხადებით, ინსპექტორების წინააღმდეგ აგრესია მათთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გამძაფრდა. ის იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მხარს დაუჭერენ და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული იქნება.

„შპს „სითი პარკი“ იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცული იყოს კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს „სითი პარკის“ ინსპექტორებს განაგრძონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი. აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მივიღებთ შესაბამის მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია არ დაუშვებს შპს „სითი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო“, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

იტვირთბა....