საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 14 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორი დაკომპლექტებულია იმ ხალხით, რომლებმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ტერიტორიების ოკუპაცია და მათ არანაირი უფლება აქვთ ისაუბრონ იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანობის აღგენას.
ჯანელიძე
გამოეხმაურა პრემიერმინისტრის 9 მარტის განცხადებას, რომლითაც კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მოსკოვი ამ განცხადებას მიესალმა და განმარტა, რომ გამოთქმული განწყობა ორმხრივი ნორმალიზაციის გაგრძელებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
მინისტრის თქმით, ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, კონსტრუქციულ მუშაობაზე ორიენტირებული დელეგაცია წავა.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, რომ შემდეგ რაუნდზე, მაგალითად, საქართველოს პრემიერი გაემგზავრება ჟენევაში. დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება ჟენევაში იქნება ორიენტირებული კონსტრუქციული ჩართულობით გააგრძელოს მუშაობა, ამისათვის საჭიროა მეორე მხრიდანაც იყოს მზაობა, რათა გადავდგათ ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები მოითხოვს უფრო მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის გამოთქმული,” – განმარტა ჯანელიძემ.