ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დმანისის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ, ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

2017 წელს, გამოძიების ინფორმაციით  არზუმან ა-მ ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, მუბარიზ მ-ს დაამზადებინა ცნობა, რომლის მიხედვით, არზუმან ა, თითქოსდა კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში ცხრა თვით ან ცხრა თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სოფელ ამამლოში.

არზუმან ა-მ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ  გაცემული ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მას მიენიჭა მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ამის შესახებ ინფორმაციას სუს ავრცელებს.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე  მიმდინარეობს  საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

იტვირთბა....