ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იან კელი: “რუსული პროპაგანდის ძირითადი მიზანია, ქართველებს უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე”

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ Facebook-ზე ვიდეკონფერენციისას განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდის მხრივ, საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია.

„ვფიქრობ, ყველა ევროატლანტიკური ქვეყანა და რა თქმა უნდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ამ კატეგორიაში ვთვლი, იბრძვის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს შეასუსტოს ჩვენი სისტემა.

ჩვენ, აშშ-ში პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ. საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. რაც შეეხება საქართველოს, დიახ, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ეს ნეგატიური ტყუილები ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით.

მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზანი, რასაც რუსული პროპაგანდა ემსახურება, არის ის, რომ ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგინოს და უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე.

ყველაზე ეფექტური ბრძოლა ამის წინააღმდეგ  სტრატეგიული კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის სასიკეთო საქართველოსთვის ევროინტეგრაცია. ჩვენ გამოვუყავით გრანტი საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ განვითარდეს სტრატეგიული კომუნიკაცია“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ბრალდების ფონზე აშშ-ში ფონდი შეიქმნება, რომელიც უცხოური პროპაგანდის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებს დააფინანსებს.

იტვირთბა....