ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დაშინება, მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება – რა უნდა ვიცოდეთ ონლაინსესხებზე

ბოლო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სულ უფრო მეტი მოქალაქე მომართავს ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი მონაცემების გამჟღავნების თაობაზე. განცხადებების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეული ონლაინ სესხებისა და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მონაცემთა გამჟღავნება მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების და პრინციპების დარღვევით. გამოვლინდა ასევე სესხის ამომღები კომპანიისთვის მოვალეების შესახებ ინფორმაციის კანონდარღვევით გადაცემის შემთხვევაც. შედეგად 3 კომპანია სამართალდამრღვევად სცნეს, – ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებაა.

1 წლის წინ არსებული მონაცემებით, საქართველოში 41 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელსაც რამდენიმე მილიონის კრედიტი აქვს გაცემული. შედეგად, საზოგადოების დიდ ნაწილს ერთხელ მაინც აქვს აღებული ონლაინ სესხი და საკუთარ თავზე გამოუცდია სესხის ვადაგადაცილების შედეგად წარმოებული პროცედურები.

– ურეკავენ თანამშრომლებს, მეზობლებს და ეუბნებიან, რომ მაქვს ვალი. არადა, მათ ყველა დარეკილს ვპასუხობ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ რომ გადავიხადო სესხი,- აცხადებს ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა. გარდა ამისა, რესპოდენტის განცხადებით, ემუქრებიან ქონების დაყადაღებითაც.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის იურისტის მარიკა დუმბაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო და ძირითად სესხის ამომღები კომპანიები დამაშინებელი მიზნებისთვის იყენებენ და ამით აშინებენ მოვალეებს, რომ შესაძლოა მათი ქონება დაყადაღდეს, გაიყიდოს, მათი ოჯახის წევრების ქონებას დაემუქროს საფრთხე, რაც აშკარა დარღვევაა.

“ბოლო პერიოდში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა მიკროსაფინანსო კომპანიებისა და სესხის ამომღები დაწესებულებების მიერ მათთვის გაგზავნილი დოკუმენტების შინაარსის დასადგენად. მათ მიერ მიღებულ კორესპონდენციას თან ახლავს ე.წ. ,,სასამართლოს გადაწყვეტილება“ (დოკუმენტზე არ არის მითითებული გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, საქმის ნომერი, მოსამართლის ვინაობა, სახელმწიფო გერბი, სასამართლოს ბეჭედი, ხელმოწერა და ა.შ.), სადაც მითითებულია, რომ მოვალეებს დაეკისრათ თანხის გადახდა.

 მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მოვალეები შედიან შეცდომაში და მიიჩნევენ, რომ თანხის დაკისრების საკითხი სასამართლომ მათი ჩართულობის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო. გვსურს განვმარტოთ, რომ სათანადო რეკვიზიტების გარეშე შედგენილი მსგავსი დოკუმენტი, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებას და შესაბამისად, მისი აღსრულების ვალდებულება არ არსებობს. ამასთან, მიკროსაფინანსო კომპანიები უფლებამოსილნი არიან, განუმარტონ მოვალეებს, რომ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მიმართ შესაძლებელია სამართლებრივი პროცედურების დაწყება, თუმცა, ე.წ. ,,სასამართლო გადაწყვეტილების“ გაგზავნა არ არის მართებული ფორმა აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

გარდა აღნიშნულისა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხის ამომღები კომპანიები მსესხებლებს (მოვალეებს) აღმასრულებლის სახელით ეცნობიან და მათი ქონების აღწერა/დაყადაღებას ისახავენ მიზნად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღსრულების დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, რის საფუძველზეც აღმასრულებელი ახორციელებს აღსრულებისათვის დადგენილ ეტაპებს – ქონების აღწერას, დაყადაღებას, რეალიზაციას და ბოლოს კრედიტორის დაკმაყოფილებას. ამ სახის მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ აღმასრულებელს და ნებისმიერი სხვა პირი, მათ შორის გამსესხებელი და სესხის ამომღები კომპანიის თანამშრომელიც, მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელზე გაცნობა და კონკრეტული პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა არ შევიდეს შეცდომაში და ამ გზით არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა”, – აცხადებს დუმბაძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ონლაინსესხის მომხმარებლები ამახვილებენ ყურადღებას, მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

-ონლაინ სესხებით ვსარგებლობ. რაღაცა პერიოდის მერე ვერ გადავიხადე, მაგრამ ვცდილობ-ხოლმე, რომ ეტაპობრივად დავფარო. როგორც კი რამდენიმე დღე გადამიცდება ისინი ჩემს “ფეისბუქ” მეგობრებს, ნათესავებს, მეგობრებს და სოციალურ ქსელში ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებს წერენ, რომ ჩემთან სურთ დაკავშირება და ამავდროულად კომპანიის ნომერს უთითებენ. ძალიან მარტივია იმის დადგენა, რომ მე სესხი მაქვს. ამ მხრივ განსაკუთრებით “სი სი ლოუნი” აქტიურობს, – აცხადებს “მეტრონომთან” კიდევ ერთი ონლაინსესხის მომხმარებელი.

როგორც საიას იურისტმა მარიკა დუმბაძემ “მეტრონომს” განუცხადა,  მესამე პირებთან პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევაა.

“ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მიკროსაფინანსო დაწესებულებები ან პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები მოვალის ფინანსური ვალდებულების არსებობის ან/და მოცულობის შესახებ პერსონალურ მონაცემებს მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს ან სხვა პირებს აცნობენ. ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემი, რომლის მესამე პირებისათვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი. ასეთ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მაგ: მოვალის თანხმობა.

გარკვეულ შემთხვევებში, მონაცემების გამჟღავნების თაობაზე თანხმობის ტექსტი ზოგადი და ბუნდოვანია, რის გამოც პირი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს თუ რას თანხმდება. შესაბამისად, სესხის აღებამდე აუცილებელია, რომ მსესხებელი სრულყოფილად გაეცნოს პირობებს და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ დათანხმდეს გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებს.

პირს, რომლის პერსონალური მონაცემებიც მისი თანხმობის გარეშე გამჟღავნდება, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დარღვეული უფლების დასაცავად. ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს განცხადება და დარღვევის დადგენის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. მაგალითად, დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით”, – აცხადებს დუმბაძე.

ამ თემაზე კომენტარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ონლაინსესხების კომპანიების ირგვლივ ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ორგანიზაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ამ მონაცემების დაცვის ვალდებულება აქვს.

“გვესმის, რომ ვადაგადაცილებული ან გადაუხდელი სესხის პირობებში კომპანიებს თანხის დაბრუნების კანონიერი ინტერესი აქვთ, მაგრამ ეს მოქალაქის ღირსებისა და მისი უფლებებისშელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს” – განაცხადა ქალდანმა.

ქალდანის თქმით, ონლაინსესხების ორგანიზაციებს ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი აქვთ და მათზეც ვრცელდება კანონი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2017 წელს დაამტკიცა. ქალდანის თქმით, ასეთმა ორგანიზაციებმა ეთიკურად უნდა იმოქმედონ და არაუფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციის გამჟღავნება არ დაუშვან.

“მეტრონომი” ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიასაც დაუკავშირდა, რომელიც მიკროსაფინანსო კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესებას ემხრობოდა, მაგრამ ამ თემის განხილვა პარლამენტში დიდი ხანია შეჩერებულია.

კაკულიას განცხადებით, ამ თემის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშნებია და ჯერ არ ჩამოყალიბებულან უმრავლესობის წევრები.

 

 

იტვირთბა....