ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებების რადიკალურ ცვლილებებს ადგილი არ აქვს. სასამართლოში მოწმეების დაკითხვას ორი მხარე აწარმოებს და მოწმეებს ბევრი დეტალის დაზუსტება უწევთ.
პროკურორის თქმით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია იმ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც გამოძიების ეტაპზე დადგინდა.
„დღეს დაკითხულმა მოწმემ ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ იმ კონფლიქტზე, რასაც ორი არასრულწლოვანის გარდაცვალება მოყვა. მოწმე იყო 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. მისი ჩვენების შინაარსზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჩვენება არის ძალიან ინფორმაციული, რასაც ბრალდების მხარე გამოიყენებს დასკვნითი სიტყვის დროს და ამ ჩვენებაზე, ასევე სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეს აქვს ერთი მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია გამოძიების სტადიაზე. მოწმის დღევანდელი ჩვენება აბსოლუტურ თანხვედრაშია საქმის გარემოებებთან. მე არ ვიცი დაცვის მხარე რას ეძახის ჩვენებების შეცვლას. სასამართლოზე მოწმის დაკითხვა ხდება მხრეების მიერ, გამოძიების ეტაპზე კი მხოლოდ ერთი მხარის მიერ. შესაბამისად, კითხვებს სვამს ორივე მხარე და დასაკითხ პირებს ბევრი დეტალების დაზუსტება უწევთ. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ მოწმეთა ჩვენებების რადიკალურ შეცვლას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ დღეს დაკითხულმა მოწმემაც მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება შეცვალა. ადვოკატის თქმით, მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან.