ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ

საბაზო საფეხურის (7,8,9 კლასები) მოსწავლეებისთვის გაკვეთილის საათები ნაცვლად დაანონსებული შემცირებისა, გაიზარდა და ჯამში, თითოეულ სემესტრში 33 საათი გახდა. გამოცემა edu.aris.ge-ს  ცნობით, ამაზე მეტყველებს სამინისტროს მიერ საზოგადოების განსახილველად გამოქვეყნებული საბაზო საფეხურის საათობრივი ბადის პროექტი. პროექტი როგორც ქართული, ისე არაქართულენოვანი სკოლებისათვის არის განკუთვნილი.

“ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების შესაბამისად, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის საბაზო საფეხურის საათობრივ ბადეში ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: დაემატა ახალი საგანი, გაჩნდა არჩევითი საგნების ბლოკი, გაძლიერდა სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის სწავლება, შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სწავლების ფორმატი მეშვიდე კლასში. მოგმართავთ თხოვნით, საათობრივ ბადესთან დაკავშირებით კომენტარები და მოსაზრებები მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 15 მარტის ჩათვლით”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ საბაზო საფეხურის წინა საათობრივ ბადესთან შედარებით გაკვეთილები შემცირებული არ არის. მეტიც, მაგალითად მათემატიკის საგანს სამივე კლასში თითო საათი აქვს დამატებული და მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი კვირაში 4–ის ნაცვლად 5 საათი ჩაუტარდებათ. თუკი აქამდე მე–7, მე–8 და მე–9 კლასებისთვის სათების რაოდენობა განსხვავებული იყო, ახალი პროექტით გათანაბრდა და ყველასათვის საგაკვეთილო საათების რაოდენობა სემესტრში 33–ს შეადგენს.

საბაზო საფეხურზე გაკვეთილების შემცირების ინიციატივა და დაპირება განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. მისი აზრით, მოსწავლეები ამ კლასებში „ზედმეტად დატვირთულები არიან და მათი განტვირთვა აუცილებელია“. გაკვეთილების შემცირებას ყოფილი მინისტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის პროგნოზირებდა.

იტვირთბა....