ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამია: დეკანოზს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, სადაც სააკაშვილიც ფიგურირებდა

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა. მისი თქმით, დეკანოზს ასევე სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილიც.

„მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი და მეორე,  მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფო გადატრიალებაში ის იქნებოდა საეკლესიო კომპონენტის უზრუნველმყოფელი და პატრიარქს მოიშორებდნენ და ის ჯგუფი მოვიდოდა ეკლესიის სათავეში, რომელიც საჭირო იყო. და მეორე, პოლიტიკური კომპონენტი, ეს უკვე ყბადაღებული თემა ამ ქვეყანაში, მერამდენე საქმე აღიძრა, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი. როგორი არის მათ შორის კავშირები, ვიცით. ის მოღვაწეობდა უკრაინაში რამდენიმე ხნის განმავლობაში, დეკანოზი მამალაძე და იქიდან წამოვიდა იმის გამო, რომ  ეკონომიკური პრობლემები იყო და მრევლმა, უბრალოდ, ვერ შეინახა. ამ თვალსაზრისით უნდოდათ, რომ დაენახათ კავშირი და გამოიყენებდნენ მას საამისოდ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მას მამა გიორგიმ გაახსენა პრემიერის განცხადება, რომელმაც ამ საქმეზე თქვა, რომ ქვეყანაში წესრიგის შეცვლის აღკვეთა მოახდინეს.

ნიკა გვარამიას თქმით, “რუსთავი2”-იც იქნებოდა ფიგურანტი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მამა გიორგის სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს, გერმანიაში ჩავიდა მასთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილი და მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

ნიკა გვარამიას თქმით, საბოლოოდ  საქმის შეკერვის პროცესში ვერ მივიდნენ პატრიარქამდე და გადაწყდა, რომ ის, ვისი მოკვლაც, თურმე, გიორგი მამალაძეს უნდოდა, ეს იყო შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი. მისივე თქმით, ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ ციანიდი არ დასჭირდებოდა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლის ხელყოფისთვის, რადგან მას ყოველდღე ხედავდა და ამასთან, რატომ გაირთულებდა საქმეს, როდესაც ციანიდი არის ურთულესი მოსაპოვებელი საწამლავი.

გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ გვარამიამ აღნიშნა, რომ დეკანოზი მძევალია ეკლესიისა და სასამართლოში. მისი თქმით, მამალაძე ციხეში სხვისი დანაშაულებების გამო ზის. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდება დეკანოზის ადვოკატობას, თუ მას ექნება შესაძლებლობა დეტალების გასაჯაროების. გვარამიამ განაცხადა, რომ ის გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერს.

იტვირთბა....