მეუფე პეტრე ცაავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ფარისეველი უწოდა. მისი თქმით, პრემიერმა 2016 წელს დააანონსა, რომ 2017 წელი იქნებოდა წარმატებული, თუმცა, ის დაიწყო ციანიდის საქმით, შემდეგ გაგრძელდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მაჩალიკაშვილის ამბით.
მან პრეზიდენტი მარგველაშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასზე ვერ იტყვის, რომ პრინციპული ადამიანია.
“ფარისევლობის გვირგვინი იყო(მიმაჩნია, რომ თვითონ ამ ციანიდის საქმის ავტორის ერთ-ერთი რჩევა შეასრულა), როცა საშობაო ღვთისმსახურებაზე კამერების წინ, ყველას დასანახად ეზიარა, ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი. მაშინ პოლიტიკოსები დავყავი ორ ნაწილად, ეკლესიაში და ხელისუფლებაში, პრინციპულებად და უპრინციპოებად. პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვერ ვამბობ, რომ ის არის პრინციპული ადამიანი. მე მახსენდება, როცა პატრიარქი გერმანიიდან ჩამოვიდა, აეროპორტში დახვდა და კარგად იცოდა, რა ბოროტებასთან გქვონდა საქმე, – ციანიდით მღვდლის შესაძლო მოწამვლის მცდელობა. როცა ჩვენ მას რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდით საპატრიარქოში, უკვე იგრძნობოდა, რომ ის ზეწოლას დაექვემდებარა და უკან იყო დახეული. მის სინდისზე იყოს, რასაც ის გააკეთებს. უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ციხეში არ უნდა იყოს”- განაცხადა მეუფე პეტრემ.
გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ გვარამიამ აღნიშნა, რომ დეკანოზი მძევალია ეკლესიისა და სასამართლოში. მისი თქმით, მამალაძე ციხეში სხვისი დანაშაულებების გამო ზის. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდება დეკანოზის ადვოკატობას, თუ მას ექნება შესაძლებლობა დეტალების გასაჯაროების. გვარამიამ განაცხადა, რომ ის გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერს.