„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესთან
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა გარკვეული სცენარით მოხდა. მისი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებას ეს ფანდი არ გამოუვიდა და ტატუნაშვილი ცემის დროს შემოაკვდათ. არეშიძე ამბობს, რომ მათ ტატუნაშვილის მიერ აღიარებითი ვიდეოჩვენება უნდოდათ, რომლის მიხედვითაც ის იტყოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოსეთში დივერსიულ აქტებს გეგმავდა.
ასეთი განცხადება კი სამხედრო პირის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო შეიარაღებულ მისიებში იბრძოდა, ბევრად სარწმუნო და რეზონანსული იქნებოდა. ამის მიზეზი კი კონფლიქტოლოგის აზრით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და იმის მცდელობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას პუტინისთვის ესიამოვნებინა.
„მეტრონომი“: თქვენ გააჟღერეთ ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად არის ნაცემი და ამის მიზეზი ის ვიდეო მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც მისთვის აღიარებითი ჩვენების ჩამორთმევა სურდათ, სადაც ის დაიბრალებდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების ჩატარებას გეგმავდა…
მამუკა არეშიძე: როგორც ჩანს, ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უნდოდა, საინფორმაციო ველი შეექმნა, რომ მათ ტერიტორიაზე დივერსიული აქტები მზადდებოდა და ამას ვიდეოაღიარებაში არჩილ ტატუნაშვილი დაადასტურებდა. მათ რეალური პერსონა სჭირდებოდათ, რომელიც კამერის წინ ისაუბრებდა და საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიებას ნამდვილად გეგმავდა.
ეს უნდა ყოფილიყო რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის წინასაარჩევნო პერიოდში. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ მისთვის თავი შეეხსენებინათ და მეორე მიზეზი კი ის, რომ რუსეთთან ქულები ჩაეწერათ და საქართველოს ვითომ და ვერაგული საქციელის აღმოფხვრა მოხდა.
ეს შეიძლება მოსკოვის დავალებაც ყოფილიყო, ან პირადი ინიციატივაც. ამისთვის კი შეარჩიეს საუკეთესო ფიგურა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდნენ და იცოდნენ, რომ ის სამხედრო პირი იყო, ხოლო მისი საჯაროდ აღიარებითი ჩვენება უფრო დამაჯერებელი და რეალური იქნებოდა. ტატუნაშვილი ერაყშია ნამსახურები და ის ასევე, ამერიკასთან ასოცირდება და ვიღაც სხვა გლეხი რომ დაეპატიმრებინათ, მისი აღიარებითი ჩვენება ასეთი რეზონანსული არ იქნებოდა.
– ასევე გარცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა ის საათი გამხდარიყო, რომელიც მას საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აჩუქა…
– არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილს მისთვის მსგავსი საჩუქარი ნამდვილად გაეკეთებინა. ტატუნაშვილი, როგორც ვიცი საკმაოდ გამოცდილი სამხედრო იყო. თუმცა ამას ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ რა აჩუქა და რატომ. ის იყო რიგითი სამხედრო, რომელიც ვიცი საკმაოდ წარმატებული სამხედრო იყო და ის შეიძლება დაესაჩუქრებინათ კიდევაც.
– ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში ტატუნაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მისი სასტიკად ცემა და წამება სახელდება. ტატუნაშვილს 20-მდე ადამიანი სცემდა და აწამებდა. მისი მკვლელობა გიორგი ანწუხელიძის მკვლელობის მსგავსად მოხდა.
– ასეა, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ტატუნაშვილი ცემის დროს შემოაკვდათ. მან თანამშრომლობა არ ისურვა, რის გამოც სასტიკად გაუსწორდნენ. ანწუხელიძესთან პარალელის გავლება არა მწამებლების რაოდენობით შეგვიძლია, არამედ იმით, რომ ორივე ვაჟკაცი ადამიანია, რომლებიც ამას შეეწირნენ.
– რას იტყვით რუსეთის რეაგირებასთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს, რომ მომხდარი ფაქტიდან დისტანცირება მოახდინოს, თითქოსდა, მათ ამ საქმეში ბარლი არ მიუძღვით.
– რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რუსებს უნდათ, რომ მომხდარ ფაქტს გაემიჯნონ და ზუსტად ვიცი, ამას რატომაც აკეთებენ. თუმცა ცხადია, მისგან დისტანცირებას ვერ მოახერხებენ. ეს არ არის ოთხოზორიას სამწუხარო მკვლელობის შემთხვევა, რომელიც ერთ ალკოჰოლიკს დაბრალდა, რომელსაც აფხაზეთის ომის დროს ახლობლები დაეღუპა.
აქ საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურმა სტრუქტურამ ჩაიდინა დანაშაული. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტრუქტურები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, რუსეთის სამხედრო შინაგანი ნაწილების შემადგენლობაში შედიან. აქედან გამომდინარე, რუსეთი ამ მდგომარეობიდან სუფთა ვერ გამოვა.
– რა ვადებში ელით ახლა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას და პრემიერის მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მისამართით, რამდენად ადეკვატური და დროული იყო?
– განცხადებას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, ფაქტია ე.წ. ცხინვალის ხელისუფლება რუსეთის მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება. პუტინის გუნდს ახლა მსგავსი არგუმენტები დასავლეთის მხრიდან ნამდვილად არ აწყობდა, მაგრამ გარდა ამისა, ჩემთვის გასაკვირადაც, ცხინვალის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო სერიოზულ აჟიოტაჟს გამოხატავს. არ ველოდი, აფხაზებისგან განსხვავებით, ცხინვალში ასეთი საზოგადოებრივი გამბედაობა ნაკლებია. სოციალურ ქსელში საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება აქვს.
აქედან გამომდინარე სასწრაფოდ დაიწყეს მოფიქრება, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დე ფაქტო ოსეთს ნაკლებად დაბრალდეს. მათ ტატუნაშვილის სიკვდილი არ უნდოდათ. უბრალოდ, უნდოდათ, რომ მოლაპარაკე „თავი“ ყოფილიყო, რაც ვერ გათვალეს და გეგმა ჩაუვარდათ. მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი მაგალითი დაკავებული ქართველების გათავისუფლებაა. ბრძანება ჰქონდათ, რომ ვიდრე ვნებათაღელვა არ ჩაცხრებოდა ისინი არ გადმოეცათ.
ეს დირექტივები კი მოსკოვიდან იყო. ამ ორმა ადამიანმა გადასარევად იცის სინამდვილეში რა მოხდა. მიუხედავდ იმისა, რომ მათი ოჯახის წევრები უარყოფენ, რომ არაფერი იციან, დარწმუნებული ვარ მალე ალაპარაკდებიან. ნებისმიერი ექსპერტი სრულიად ადვილად დაადგენს, რომ ის ცემის შედეგად არის გარდაცვლილი. ახლა ცდილობენ გვამი ისეთ ვითარებაში გადმოსცენ, ვითომ ტატუნაშვილი წაქცევის დროს გარდაიცვალა.
ავტორი: ელზა პაპოშვილი