“ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაწერა.
რამდენიმე თვის წინ გვარამიამ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი უფლებადამცველობა შესთავაზა. როგორც “მეტრონომს” გვარამიამ უთხრა, დღევანდელი შეხვედრა სულ სხვა თემაზე გაიმართა.
“ჩვენ აბსოლუტურად სხვა თემაზე გვქონდა საუბარი. დეტალებში მოყვა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა ამ საკითხზე იცოდეს და არის საკითხები, რომლებიც მთხოვა, რომ უნდა მოვაგვარო და აუცილებლად ვეცდები” – განუცხადა “მეტრონომს” ნიკა გვარამიამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე 1 წელზე მეტია იხდის. მას საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა სასამრთლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დღეს დეკანოზის ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. საქართველოში ყველა ისტანციის გავლის შემდეგ, ადვოკატები აღნიშნული საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავენ.