სოფელ ვალეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ვალეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის, მიხაილ სურმავას თქმით, მისთვის უცნობია, ვინ დაწვა ხატები და ლოცვის წიგნები.
„მხოლოდ კათოლიკური ხატები დაწვეს და არა მართლმადიდებლური. ვფიქრობ ამის ჩამდენს სურს, რომ ვალეში კათოლიკე და მართლმადიდებელი მრევლი ერთმანეთს დაუპირისპიროს“, – აღნიშნავს ეკლესიის წინამძღვარი.
მიხეილ სურმავას თქმით მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვის ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია.
სოფელ ვალეში მართლმადიდებელი ქრისტიანები და კათოლიკეები ერთად ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა 22 თებერვალს გორშიც მოხდა, სადაც იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები დახატეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიტყვის, რწმენის ან მრწამსის გამო, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. ამ დრომდე პოლიციას დამნაშავე არ დაუკავებია.