ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდებიან.
კონკრეტულად, ქუტაშვილი და პავლიაშვილი დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს კახაბერ საბანაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძეს ხვდებიან.
მინისტრთა კაბინეტი იმედს გამოთქვამს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს რაც შეიძლება მოკლე დროში გადმოასვენებენ.
ცნობისთვის, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.