“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, შეუფერებლად მიიჩნევს, რადგან ჰუმანურობასთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს.
გოგუაძის შეფასებით, ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან არის წარმოუდგენელი და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა.
“მინდა ვთქვა, რომ ახლა საშინელ მდგომარეობაში ვართ, ანტიკური დრამა ვითარდება. ცხედარს არ გვაძლევენ და დამარხვის საშუაება არ აქვთ მშობლებს. გაუგონარი სიტუაციაა. რუსეთმა ყველანაირ ცივილიზებულ წარმოდგენებს გადააბიჯა, ასე რომ, როცა მიმართავ და ლაპარაკობ ჰუმანურობასა და გონიერებაზე, ეს ცოტა შეუფერებელი მგონია. მესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს არის ძალიან სუსტი და სამწუხაროდ, იმ ბერკეტებსაც ვერ იყენებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო ეფექტურად. შეიძლებოდა გაცილებით აქტიური ყოფილიყო საგარეო პოლიტიკა, მაგრამ დღეს ვართ ასეთ მდგომარეობაში. ვსვამ კითხვას, რას შეიძლება გულისხმობდეს პრემიერ-მინისტრი გონივრულ ნაბიჯებში? თუ ამაში გულისხმობს პირდაპირ დიალოგს რაიმე საკითხზე, არ ვსაუბრობ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რადგან ეს საერთოდ წარმოუდგენელი მგონია, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ეს არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი საქართველოსთვის. დიახ, ჩვენც ველოდებით გვითხრას პრემიერმა, რას გულისხმობს გონივრულ ნაბიჯებში. ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ეს არის წარმოუდგენელი რამ და ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
გოგუაძემ აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარებაში ბევრი ინსტიტუცია ჩაერთო და ის მაინც ვერ მოგვარდა.
“ჩვენ ვნახეთ რამდენი სხვადასხვა ინსტიტუცია ჩაერთო ამ საკითხში და არანაირი შედეგი არ მოყვა. საერთოდ არ ვიცი რა საჭირო იყო ამ განცხადების გაკეთება, რატომ გააკეთა პრემიერმა დღეს ასეთი საჯარო განცხადება. ჩვენ არ ვიცით რა ტიპის ურთიერთობებია რუსეთთან კულისებს მიღმა და ეს განცხადება რაიმე ასეთი მოლაპარაკებების შედეგი იყო თუ არა, არ ვიცით, უფრო მეტი კითხვები დამრჩა, ვიდრე იმედი მომეცა იმისა, რომ ეს განცხადება რაიმე რეალურ პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა გოგუაძემ.