სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში თურქეთის სასამართლომ, დაკავებულ 25 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 11 ჟურნალისტს ექვსი წლითა და სამი თვით, 12-ს შვიდი წლით და ექვსი თვით, დანარჩენ ორ ჟურნალისტს- მურატ აქსოისა და ატილა თაშს კი 25 და 37 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტები იმ გამოცემებისთვის მუშაობდნენ, რომლებიც მთავრობამ შეერთებულ შტატებში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო დახურა.
ანკარა გიულენს 2016 წელს, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს, რომლის დროსაც 205 ადამიანი დაიღუპა.
გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში 50 000 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს და 150 000-ზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.