„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ მის ოჯახს თავს დამტყდარ ტრაგედიაში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა. მისი თქმით, გასაგებია, თუ რატომ არ არის მომხდარი დანაშაული გამოძიებული და იმედს გამოთქვამს, რომ ადრე თუ გვიან მკვლელიც და დამკვეთიც კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„მე სრულად მესმის გამოძიების, რომ დღემდე გახსნილი არ არის ეს უსაშინლესი ტრაგედია, თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოძიება ამ საქმეს გახსნის. შესაძლოა მკვლელმა მოახერხა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, მაგრამ დედამიწა მრგვალია და არა უკიდეგანო, ვერავინ დაიმალება. დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელიც და შემკვეთიც ჩვენი კანონმდებლობით აგებს პასუხს. ვწუხვარ, რომ გამოძიებას ისე ვერ ვეხმარები, როგორც მინდა დავეხმარო, რადგან მაქვს მწირი ინფორმაცია“, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.
მისივე თქმით, მკვლელი მასთან “სელფის” გადაღებას ცდილობდა. გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ მას ამ სურათის დამკვეთისთვის ჩვენება სურდა, რადგან ეჩვენებინა, რომ მიზანთან ძალიან ახლოს იყო.
“ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის აუსრულებელი მიზნები და ოცნებები ასასრულებელი. სამწუხაროდ, არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატისთვის ცნობილი არ არის ის, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარში ერთი პირი არ ფიგურირებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ მკვლელის თხოვნა, მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.