ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მორგოშია: ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, ოკუპირებულ ახალგორს დღეს დატოვებს

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრის კონსტანტინე მორგოშიას ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოუშვებენ.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წევრებს საქართველოს დაკავებული ორივე მოქალაქისთვის ჩამორთმეული დოკუმენტები გუშინ უნდა დაებრუნებინათ. მისივე თქმით, გვიან ღამემდე გაგრძელდა კონსტანტინე მორგოშიას სატელეფონო კომუნიკაცია ოკუპირებულ ცხინვალთან.

„უკვე მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია ნებაყოფლობით. თავისთავად ცხედრის გადმოსვენებაზეც გვქონდა კითხვები, რამდენიმე დღეში ექსპერტიზა დასრულდება და ცხედარს გადასცემენ წითელი ჯვრის მეშვეობით ოჯახს,“-ამბობს მორგოშია.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

იტვირთბა....