ახალი ამბები მთავარი

ერგნეთში ჟენევის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ

ერგნეთში ჟენევის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას გეგმავენ.

ამ დროისთვის უცნობია, ვისთან გამართავენ ჟენევის თანათავმჯდომარეები შეხვედრას, თუმცა სავარაუდოდ, განხილვის თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში სავარაუდოდ დღეს უნდა ჩავიდნენ.

​”ჩვენი მხრიდან ყველა მხარე ინფორმირებულია, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ. გუშინ მათთან საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შედგა და სწორედ არჩილ ტატუნაშვილზე იყო საუბარი. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია და ჩვენ ველოდებით, შესაბამისი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული. ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში სავარაუდოდ დღეს ჩადიან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

იტვირთბა....