ბაკურიანის გამგეობასთან ამ წუთებში ხმაურია. ცოტა ხნის წინ გამგეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც ბაკურიანის გამგებელს მოსთხოვეს, უარი თქვას ხელფასის გაორმაგებაზე. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ხელი აიღეთ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასის გაორმაგებაზე. ერთადერთი ეგ მინდა. თქვი ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებს. ბიუჯეტს გაეშვი“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაკურიანის გამგებელს.
გამგეობასთან საპატრულო პოლიციაცაა მობილიზებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მერის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს დაბაში საკუთარი სასტუმრო და ბიზნესი აქვს, ამიტომ მას არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს ხელფასის მომატებას სთხოვდეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.