aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იანვარში, გერმანიაში, თავშესაფარი შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა: თითქმის 100%-მა უარი მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში, მათგან თითქმის 100%-მა კი უარი მიიღო.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ეს შესაძლებლობა 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა. უვიზო მიმოსვლა ემსახურება ასევე, გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას.

„მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს. ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება.

იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც ეროვნულ და ევროკავშირის დონეებზე ტარდება, გერმანიის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ საგრძნობლად შემცირდეს უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება. ამიტომ გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. გარდა ამისა, გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

„აუცილებელია, არსებულ ტენდენციაში მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები, რათა გამყარდეს 2017 წლის მარტში ძალაში შესული ვიზალიბერალიზაცია შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტორი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნთერი სტუმრობენ.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, დღეს კრისტიან კლოსი და ანეტ გიუნთერი საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთან მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრებენ.

იტვირთბა....