სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა მიხეილ ჯახუამ შეიტანა. როგორც მან განმარტა, კონკრეტულ მოსამართლეებთან გასაუბრებიდან საბჭოს წევრის აცილების საფუძველი ანა დოლიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები გახდა. ჯახუას შეფასებით, ანა დოლიძის პროცესებიდან აცილებით, მისი უფლებები დაირღვა. საია მოსამართლეთა უვადოდ განმწესებისას ანა დოლიძის აცილების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.
“2018 წლის 6-7-8 თებერვალს გამართულ სხდომებზე, კონკრეტული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურიდან ანა დოლიძის აცილება მოხდა. ამის საფუძველი იყო დოლიძის მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ იყო მიმართული კონკრეტულად იმ მოსამაართლეების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც მოხდა ანა დოლიძის აცილება და აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ აცილების გადაწყვეტილება უკანონო იყო. ასევე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებების შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ შეიზღუდონ საჯარო კრიტიკისგან და მათ მიერ გამოთქმული პოზიცია არ გახდეს მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების, ანუ მოსამართლეთა არჩევის უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველი”, – განაცხადა მიხეილ ჯახუამ.