სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ მთავრობის შემადგენლობის შეცვლა, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
კისკას განცხადებით, მიუხედავად რამოდენიმე მინისტრის გადადგომისა, დაძაბულობა მმიანც არ შემცირდა და საჭიროა, საზოგადოებაში ხელისუფლების ნდობის აღდგენა.
პრეზიდენტის მოწოდება უარყო სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ.
შეგახსენებთ, რომ პოპულარული სლოვაკი ჟურნალისტი იან კუკიაკი მის პარტნიორთან ერთად ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 27 წლის ჟურნალისტი სლოვაკურ ინტერნეტ პორტალ Aktuality.sk-ზე მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაზე” დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, კუკიაკი ბოლო დროს, თავის სტატიებში ყურადღებას ამახვილებდა საგადასახადო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებზე. ის აქტიურად წერდა მაგნატებზე და ჩინოვნიკებზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ და ხელს ითბობდნენ საგადასახადო სისტემაში გამეფებულ კორუფციაზე.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ტიბორ გასპარის ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობა მის ბოლოდროინდელ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება.