ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალგორის გამგებელი ვერ აკონკრეტებს როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ვერ აკონკრეტებს თუ როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. მისი თქმით პროცესებში ჩართულია ხელისუფლება და საპატრიარქო.

„ვადაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველაფერია შესაძლებელი. იმ დიდი ძალისხმევის შედეგად ყოველ წუთსაც არის მოლოდინი, მაგრამ როდის იქნება მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. მთავრობა, ხელისუფლების ყველა შტო, საერთაშორისო ორგანიზაციები და თავისთავად რა თქმა უნდა საპატრიარქო ჩართულია ამ საქმეში და ერთობლივი ძალისხმევით ველოდებით, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ცხედრის გადმოცემა და ასევე იმ ორი პატიმრის გათავისუფლება. უიმედობაა რა თქმა უნდა, როდესაც ამხელა ვაჟკაცი მოუკლეს ოჯახს და მეთერთმეტე დღეა და ჯერ გვამი არ გადმოცემულა, სათანადო პატივი არ მიუგია და არ დაუკრძალიათ, ბუნებრივია ეს განცდა არსებობს,“-განაცხადა ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადებში გადაეცემა ქართულ მხარეს.

იტვირთბა....