საქართველოს საპატრიარქო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, ცხედრის გადმოსვენების საკითხში ჩაერთო მისი უწმინდესობა კირილე. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.
“დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.
მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს”.
ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.