ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს, 18 მარტს მშვიდობიანი მარშის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომა და არჩევნების დაუყოვნებლივი ჩატარება იქნება.
მიხეილ სააკაშვილი დღეს რადას შენობასთან 100-ზე მეტი აქტივისტის დაკავებას გამოეხმაურა.
„კატეგორიულად ვგმობ პოროშენკოს,ავაკოვის, ლუცენკოსა და ოლიგარქიის ქმედებებს. როგორც ყოველთვის, ისინი იტყუებიან. საუბრობენ იარაღის მოგროვებაზე, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბანაკში არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. იყო მხოლოდ სამი ლეგიტიმური მოთხოვნა. ხელისუფლებას დიდი ხანია, უნდა გაეგო, რომ ეს ხალხი არ იყიდება. ლუცენკომ დღეს კვლავ გაიმეორა კურჩენკოს რაღაც ფულები, რომელიც არასდროს ყოფილა და არც არსებობს. მათ რომ რაიმე ფაქტი ჰქონოდათ, ქვეყნიდან კი არ გამაძევებდნენ, არამედ უკრაინაში გამასამართლებდნენ. ყველას ესმის, რომ საქმე გვაქვს გაყალბებასთან, რომ ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ მხარეს არის ფული, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან მათზე ბევრად მეტნი ვართ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებისას 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
პოლიცია „კარვების ქალაქში“ საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია РГД-5-ის ტიპის 9 ხელყუმბარა, 5 საკვამლე ყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“.