თიანეთის მერის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს მიმართავენ. თიანეთის მერის ყოფილი წარმომადგენლების ნატო სუარიშვილის, გრიგოლ კახოშვილისა და კახაბერ კუჭავას თქმით, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერმა გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებს ფეისბუქის საშუალებით ამცნო.
”განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი დასკვნისა, (ხმათა უმრავლესობით 4/3 ზე), და იმ ფაქტისა, რომ წარდგენილი გადაცდომების არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, გამოიტანა არათანაზომიერი გადაწყვეტილება და წუხელ გამთენიისას 04:00 საათზე გაგვათავისუფლა სამსახურიდან. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერით გვამცნო. ჩვენს ადგილებზე კი დღესვე დანიშნა საკუთარი პარტიული სიის წარმომადგენლები. ასე შეურაცხყოფილად, დამცირებულად და უფლებაჩამორთმეულად არასოდეს გვიგვრძვნია თავი და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირეთ მხარი და არა მას.
მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სრულად ვიზიარებთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კურსსა და მიზნებს და პირადად ვართ ბოლო 4 წლიანი აღმშენებლობის პროცესის მონაწილეები, ვერ დასახელდება თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც რომელიმე ჩვენთაგანმა, თავისი პოლიტიკური სიმპათიები ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მიზნებისთვის ან სამუშაო დრო და რესურსი გამოიყენა პირადი თუ პარტიული მიზნებისთვის. გაუგებარია რისთვის ვისჯებით!? რატომ ხდება ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია!? გთხოვთ განიხილოთ ჩვენი წერილი და იმსჯელოთ თიანეთის მერიაში გაბატონებულ მასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დროა ყველა კომპეტენტურმა პირმა ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, თორემ ცოტა ხანში თიანეთის მუნიციპალიტეტში აღვირახსნილობა დაისადგურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, უკვე ყოფილი თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”