იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე შეხვედრაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შავაძემ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებით შეექმნა.
მისი თქმით, პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაშიც შეექმნა.
“ბატონმა დავით მამისეიშვილმა მითხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ხმები მისი იყო. ასევე მითხრა, რომ პრობლემები შემექმნებოდა. ართმელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ დავით მამისეიშვილმა მითხრა, რომ მარტო დავრჩებოდი. რაში გამოიხატებოდა მარტო დარჩენა: მივდივარ სამსახურში, ვხედავ მოსამართლეებს, მხედავენ და შედიან ოთახებში გამარჯობის გარეშე. როდესაც მესალმებოდნენ, აქეთ-იქით იხედებოდნენ, ვინმემ ხომ არ დამინახაო. ჩემი თანაშემწე და მდივანი გადაიყვანა მისი კაბინეტის პირისპირ, ჩემგან 50 მეტრის მოშორებით. ვერაფერს ვეკითხები ვერავის, არ მაქვს შესაძლებლობა ვესაუბრო სისხლის სამართლის სპეციალისტებს. ინტრანეტში, სადაც ერთმანეთს დაბადების დღეებს ულოცავენ, უსამძიმრებენ, ორჯერ ჩემთვის დაბადების დღე არავის მოულოცავს. ვერ დავდიოდი თბილისში კონფერენციებზე, რადგან ტრანსპორტში ჩემთვის ადგილი არ იყო. მოსამართლეებმა მითხრეს, კარგი იქნება, თუ შეხვალ და დაელაპარაკებიო. დავთანხმდი და შევედი. იქ სხვა მოსამართლეებიც იყვნენ. საქმეების გადაბარებაზე ვესაუბრებოდი, თუმცა მითხრა, შენ აქ არავის დაუბარებიხარ და გადი გარეთო”,- განაცხადა შავაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.