შსს-ს თანამშრომლებმა ქარელში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულმა ქალაქ ქარელში მეზობელ ქალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი ქარელში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით არის მტკიცე და ურყევი – უწყება დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას კვლავ აქტიურად განაგრძობს“, – აცხადებენ შსს-ში.