ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
“მოსამართლე შავაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყონ ცრუ ინფორმაცია და ბრალდებები ჩემ მიმართ. მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის იმისათვის, რომ დადასტურდეს ჩემი სიმართლე. შავაძის განცხადებები ემსახურება იმას, რომ ის არ გამწესდა უვადოდ. მას უნდა ეპოვა განტევების ვაცი,”- თქვა მამისეიშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ შავაძესთან ურთიერთობა ორი წლის წინ გაწყვიტა.
“ირაკლი შავაძემ ჩემთან პირად საუბრებში განაცხადა, რომ ის არ აპირებდა უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით მუშაობას, რადგან როგორც მან თქვა, ეს პრაქტიკა დანერგეს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ. ამის შემდეგ ვივარაუდე, რომ ის სიცრუის ტირაჟირებას მოახდენდა და საერთოდ გავწყვიტე ურიერთობა,”-თქვა მამისეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძემ სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება სთხოვა. შავაძემ თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე 22 თებერვალს უარი მხოლოდ იმიტომ უთხრა, რომ არ იყო „კოლექტიური მურუსიძე“. ამას მურუსიძემ აბსურდული ბრალდება უწოდა და განმარტა, რომ შავაძის სასამართლო სისტემაში მოსვლა სწორედ მის სახელს უკავშირდება.