ქმნიან აჟიოტაჟს და გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებენ. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი. სხვებს აჩვენებენ, რომ თვს იცავენ. რა თქმა უნდა, ისევ ავიწროვებენ ახალგორში ქართველებს., – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას მამუკა არეშიძე ახალგორში სპეცრაზმის მობილიზების ფაქტს.
მისი განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება ქმნის აჟიოტაჟს და გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს.
“ყველაფერს გიდასტურებთ ერთი რამის გარდა, არ ვიცი ზუსტად საგანგებო მდგომარეობაა ახალგორში გამოცხადებული თუ არა. თუ ჩვენ ყურაადღებით წავიკითხავთ იმ განცხადებებსა და გამონათქვამებს, რომლებიც დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ჯიოევის მეთაურობით, მიხვდებით, რომ ისინი თამაშობენ სპექტაკლს, რომელსაც ქვია საქართველოს საპასუხო აგრესიის სავარაუდო მოგერიება.
ოფიციალურმა ცხინვალმა მთელი თავისი პროპაგანდა ააგო იმაზე, რომ არიქა, ქართველები აგრესიულ ქმედებებზე გადავლენ, გვემუქრებიან და დავიღუპეთ. ასეთი შეფასება არა მარტო ცხინვალის ოფიციალური სტრუქტურებიდან მოდის, არამედ აფხაზურიდანაც. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ყველაფერი რუსებთან შეხვედრაზე განაცხადა. ქმნიან აჟიოტაჟს და გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებენ. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი. სხვებს აჩვენებენ, რომ თვს იცავენ. რა თქმა უნდა, ისევ ავიწროვებენ ახალგორში ქართველებს”, – აცხადებს არეშიძე.
შეგასხენებთ, რომ ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები – ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ.
მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.
მან ასევე განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. 26 თებერვალს, სამოქალაქო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ფილიპ ხაჩიროვია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი.