იუსტიციის საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელსა და მის მიწინააღმდეგე მოსამართლეს უნდა მოუსმინონ. სავარაუდოდ, სხდომა ხმაურის ფონზე ჩაივლის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ უსაფუძვლოდ აგორებულ კამპანიაზე საუბრობს. ირაკლი შავაძესთან ერთად სხდომაზე მისასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს დავით მამისეიშვილი.
„ეს არის სიცრუის ტირაჟირება და შესაბამისად მინდა რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივაწოდო სრული ინფორმაცია. მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, რომ ახლა მე დამაბრალოს ეს ყველაფერი,“-განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელმა დავით მამისეიშვილმა.
მამისეიშვილს შავაძე სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. იუსტიციის საბჭოს წევრებს დაპირისპირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს ანა დოლიძე.
„მან ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა თავის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით. ეს სერიოზული ბრალდებაა და ამავე დროს მის განცხადებებში იკვეთება რამდენიმე სისტემური პრობლემა სასამართლოსთან მიმართებაში. საბჭო ბუნებრივია ვალდებულია გაერკვიოს რა ხდებოდა ბათუმის სასამართლოში, ადგილი ჰქონდა თუ არა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას. ეს ინფორმაცია აუცილებელია სასამართლოს ნორმალური საქმიანობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც საბჭო მიიღებს,“-აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.