სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ „ოცნებას“. ხელფასების შესახებ პროექტს ჩვენმა სამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთვლით, მუნიციპალიტეტის მუშაკს არაფერი დაუშავებია, ის ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა დანარჩენები. თუ სხვას მოემატა ხელფასი, ბუნებრივია მასაც უნდა მოემატოს, – ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გიორგი ლომია ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც “ტვ პირველთან” საუბარში ლომიამ განაცხადა, რომ სახელფასო პროექტის გატანის ბლოკირება არასწორი იყო და ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება.
საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში ხელფასების მომატება ყველგან მოხდა. რა დააშავა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა? ადამიანებს კრედიტები აქვთ აღებული, შვილები ჰყავთ, ოჯახია სარჩენი, 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ. მესმის, რომ შესაძლებელი იყო მანამდე მოელაპარაკათ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს და ხელფასების რაღაც ზღვრული ოდენობის მომატება მომხდარიყო. ვინაიდან ასეთი შეთანხმება ვერ მოხდა, ვფიქრობ, სახელფასო პროექტის გატანის ბლოკირება არასწორი იყო და ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიხსნით ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, ვამბობ, რომ სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ „ოცნებას“. ხელფასების შესახებ პროექტს ჩვენმა სამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთვლით, მუნიციპალიტეტის მუშაკს არაფერი დაუშავებია, ის ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა დანარჩენები. თუ სხვას მოემატა ხელფასი, ბუნებრივია მასაც უნდა მოემატოს. ამ დეპუტატებს ხმა ხალხმა მისცა, – აცხადებს ლომია.
საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.