ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბორჯომის მერი: “მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე”

ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას განცხადებით, რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. “ისინი საუბრობენ, თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი”, – აღნიშნა ლიპარტიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი უარს ამბობს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე.

”უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება, რაც საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი საკრებულოს წევრების დესტრუქციული ქმედებების შედეგია. მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამო თვეების განმავლობაში უხელფასოდაა დარჩენილი ასეულობით ადამიანი, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან.

მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები აფერხებს მუნიციპალური სამსახურების გამართულ საქმიანობას, ამის გამო კი მოსახლეობას შესაბამისი სერვისებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა. რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, რომ თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი, მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე. მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მხარდამჭერებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, გვერდზე გადადონ ვიწროპარტიული ინტერესები და მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლისთვის კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ზრდას, საშუალება მისცენ მერიის თანამშრომლებს სრულყოფილად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და დაასრულონ ის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს უკანასკნელი დღეების და თვეების მანძილზე”, – აცხადებს ლიპარტია.

გუშინ, საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

ამის შემდეგ, გვიან ღამით ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.

ბორჯომში იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

იტვირთბა....