საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პირველ არხს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებისას შსს-ს ვიდეოს გავრცელების გამო არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაუდგინა. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ სამი დარღვევის დადგენას სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ორმა წევრმა, ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ მისცა ხმა.
“ამ მასალის გაშვების გამართლება იმით, რომ დრო იყო მცირე, არ არის სწორი. ოპერატიულობამ პროფესიული ეთიკა არ უნდა გადაწონოს. წამყვანის ტექსტი და კადრებიც არ ეწყობოდა ერთმანეთს. ეს კადრები აძლიერებდა ზვიად რატიანის შესახებ უარყოფით აზრს და მისი ადვოკატის კომენტარსაც აზრი ეკარგებოდა. ეს სიუჟეტი შესწავლილი მაქვს დეტალურად და მიმაჩნია, რომ დარღვეული იყო ჯეროვანი სიზუსტე,” – ამბობს ქეთი მსხილაძე.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლებმა შეიტანეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.
ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სასამართლომ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. რატიანის მიმართ პოლიციელთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.