საზღვრის კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზთან რუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ნუგზარ წურწუმიას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
როგორც დაკავებულის ახლობლები ამბობენ, წურწუმია ენგურის ხიდზე, ოკუპაციის ხაზთან, იქ სადაც ე.წ. საგუშაგო მდებარეობს ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს. დაკავებული რუსი ე.წ. მესაზღვრის ტელეფონით ოჯახს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აფხაზური მედიის ცნობით კი, დეფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა დაიწყეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდელი მალხაზ წურწუმიას საქმის გამოძიება.
მათივე ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული მალხაზ წურწუმია რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გალის რაიონში დააკავეს, „ენგურის“ გამშვებ პუნქტთან.
„ის ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ, ისე, რომ თან არ გააჩნდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის საგამოძიებო განყოფილების ჯგუფმა საქმე აღძრა „აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ მუხლით. ტარდება ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები” – წერია დეფაქტო შსს-ს განცხადებაში.