ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბაქრაძესთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბაქრაძის ადვოკატი ზაზა შანავა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა. ამ წუთებში კი ბაქრაძეს ხვდება.

ადვოკატის თქმით, ბაქრაძის მხრიდან საქართველოში დაბრუნება და ბრალის აღიარება შემამსუბუქებელი გარემოებაა.

“მისი საქმე ცალკე გამოიყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მის მიმართ სხვა რაიმე საპროცესო ღონისძიების გატარება. ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ გვქონია. შესაძლებელია, ეს იყოს საპროცესო შეთანხმებაც”,- განაცხადა შანავამ.

მისი თქმით, დაცვის მხარე უახლოეს პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს.

“5 წლის განმავლობაში არ მქონია მასთან საუბარი, კომუნიკაცია. ბრალდებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მოგვიწევს მსჯელობა. კითხვები მაქვს ზოგადად საქმის ირგვლივ. მისი ტელევიზიით გაკეთებული განცხადება და ჩამოსვლაც ემსახურება იმას, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ნუ დავარქმევთ მის უცხოეთში ყოფნას გაქცევას. სანამ ბრალს წაუყენებდნენ, ის დიდი ხნით ადრე იყო ქვეყნიდან გასული. გამოიებასთან მას ჩამოსვლამდე არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია”,- აღნიშნა ადვოკატმა.

ზაზა(ზურაბ) ბაქრაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსია.  ის დანაშაულს აღიარებს და ამბობს რომ შემთხვევის ადგილის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

იტვირთბა....