ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორბელიანის მოედანზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
“რა თქმა უნდა ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე იღებს”- განაცხადა სოფრომაძემ.
ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლეები ფონიჭალის სკოლიდან ექსკურსიაზე იყვნენ, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.
დღეს, დაახლოებით 1 საათის წინ ბარათაშვლის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან გადმოვარდნილი შუშის ფილა 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეცათ. ერთი ბავშვი მძიმეც იყო დაშავებული, ის რამდენიმე წუთის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.